ბოლნისის ტაძრის წარწერა

ბოლნისის ტაძრის წარწერა

Saturday, September 5, 2015

სამღვდელოება 
სამღვდელოება ქრისტეს მოციქულთა საქმის გამგრძელებლები არიან. ისინი ეკლესიაში ღვთისმსახურებას აღასრულებენ. მღვდლობის სამი საფეხური არსებობს: დიაკვანი, მღვდელი, ეპისკოპოსი. მღვდლობის სამ საფეხურს  სხვაგვარად მღვდლობის სამ ხარისხს უწოდებენ. 





დიაკვანი - დიაკვანი ყველაზე დაბალი სამღვდელო ხარისხია. იგი წირვა-ლოცვის დროს კვერექსებს წარმოთქვამს. კვერექსი მოკლე ლოცვა-ვედრებაა, რომელზეც მგალობელთა გუნდი პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ!“ ან „მოგვმადლე უფალო!“







მღვდელი 


მღვდელი ატარებს წირვა-ლოცვას, ნათლავს, იბარებს აღსარებას,  ასრულებს ჯვრისწერას, პანაშვიდს, აკურთხებს ჯვრებსა და ხატებს.  








ეპისკოპოსი 
პისკოპოსს სხვაგვარად მღვდელმთავარს უწოდებენ. მხოლოდ ეპისკოპოსს შეუძლია მირონის კურთხევის წესის შესრულება, დიაკვნად ან მღვდლად კურთხევა. სამღვდელო ხარისხში აყვანას ხელდასხმა  ეწოდება. ხელდასხმის დროს სასულიერო პირზე სულიწმიდის მადლი გადმოდის. 



ღვთისმსახურებაში სამღვდელოებას მედავითნეები და სტიქაროსნები ეხმარებიან.

მედავითნე - მედავითნეები წირვა-ლოცვის დროს სხვადასხვა ლოცვებს კითხულობენ, სადაც ჩართულია წმიდა მეფე დავით წინსაწარმეტყველის ფსალმუნები. სწორედ ამიტომ ჰქვიათ მათ მედავითნეები. მედავითნეს სხვაგვარად წიგნის მკითხველი ეწოდება.


სტიქაროსანი
სტიქაროსნები ღვთისმსახურების დროს ეხმარებიან სამღვდელოებას. ისინი საკურთხევლის მსახურები არიან. მათ სტიქაროსნებს იმიტომ უწოდებენ, რომ გრძელი ფერადი სტიქრები აცვიათ. სტიქარზე უაცილებლად ჯვარია გამოსახული. სტიქაროსანი შეიძლება ბავშვიც იყოს. 







ტაძარი 
ტაძარი სამი ნაწილად იყოფა: სტოა, შუა ტაძარი და საკურთხეველი
ტაძრის შესასვლელს სტოა ეწოდება. შუა ტაძარში მორწმუნენი დგანან და ლოცულობენ. საკურთხეველი ტაძრის მთავარი ნაწილია. მღვდელმსახურნი წირვა-ლოცვას საკურთხეველში ასრულებენ. 







 საკურთხეველი, კანკელი 
საკურთხეველი შუა ტაძრიდან კანკელით გამოიყოფა. კანკელის წინა ამაღლებულ მხარეს კი ამბიონს უწოდებენ. იგი შუა ტაძარზე რამდენიმე საფეხურით მაღლაა. კანკელზე წესისამებრ 4 ხატია დაბრძანებული: მარჯვენა მხარეს - მაცხოვრის, ხოლო მარცხენა მხარეს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის. მაცხოვრის ხატის გვერდით დაბრძანებულია ხოლმე იმ წმიდანის  ხატი, ვისი სახელობისაც არის ტაძარი. ხოლო ღვთისმშობლის ხატის გვერდით კი რომელიმე დიდი წმიდანის ხატს გამოსახავენ. კანკელის შუაში არის კარები, რომელსაც სამეუფო კარს უწოდებენ. სამეუფო კარიდან მხოლოდ სასულიერო პირებს შეუძლიათ შესვლა და ისიც მხოლოდ ღვთისმსახურების შესრულების დროს.   
ტაძრის აგებისას საკურთხეველი აღმოსავლეთ მხარეს არის მიმართული. ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, როდესაც მორწმუნე უფლისადმი ლოცვებს აღავლენ, პირს აღმოსავლეთ მხარეს იბრუნებს - წმიდა ქალაქ იერუსალიმისკენ. სახლშიც მორწმუნენი ცდილობენ ხატების კუთხე აღმოსავლეთ კედელზე განათავსონ.
შუა საკურთხეველში დგას წმიდა ტრაპეზი, რომელზეც წმიდა ზიარების საიდუმლო სრულდება. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელთან არის ამაღლებული ადგილი, რომელსაც მაღალდასაჯდომელი ეწოდება. მაღალდასაჯდომელი ტაძარში სიმბოლურად იესო ქრისტეს დასაჯდომელს განასახიერებს. 


სიონის ტაძრის ტრაპეზი 
წმიდა ტრაპეზი, ოდიკი 
ოდიკი არის აბრეშუმის ქსოვილი, რომელზეც ამოქარგულია მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნა. ოდიკი აუცილებლად ტრაპეზზეა დაბრძანებული. მის გარეშე წირვა-ლოცვა არ სრულდება. ოდიკში აუცილებლად არის ჩაკერებული წმიდა ნაწილი.
ტრაპეზზე აუცილებლად არის დაბრძანებული: ჯვარი, ტრაპეზის სახარება, საცეცხლური და სანაწილე. სანაწილეში ინახება წმიდა ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად საჭირო ნივთები. ტრაპეზის უკან ყოველთვის დევს შვიდტოტა სასანთლე.


სამკვეთლო 
სამკვეთლო საკურთხევლის მარცხნივ არის განთავსებული. სამკვეთლოში მღვდელმსახური კვეთს სეფისკვერებს: სეფისკვერებიდან ლახვრით იღებს მცირე ნაწილებს ცოცხალთა და მიცვალებულთა სახელებზე. ამ სახით ხდება მათი მოხსენიება უფლის წინაშე. სამკვეთლო ტაძრის შუა ნაწილისგან გამოიყოფა კარით, რომელზეც მთავარანგელოზი მიქაელია გამოსახული.



სადიაკვნო 
სადიაკვნო საკურთხევლის მარცხნივ მდებარეობს. იქ მღვდელმსახურთა შესამოსელი ინახება. სწორედ სადიაკვნოში იმოსებიან სასულიერო პირები საღვთისმსახურო შესამოსელით წირვა-ლოცვის დაწყებამდე. მხოლოდ პატრიარქი იმოსება შუა ტაძარში საგანგებო წესით. ასევე იმოსება ეპისკოპოსიც იმ შემთხვევაში, თუკი იგი ასრულებს წირვა-ლოცვას. სადიაკვნო ტაძრის შუა ნაწილიდან გამოიყოფა კარით, რომელზეც მთავარანგელოზი გაბრიელია გამოსახული. 





ჯვარი, გამშვენებული ჯვარი 
მღვდლები შესამოსლის ზემოდან სამღვდელო ჯვარს ატარებენ. ის ჩვეულებრივი სამკერდე ჯვრისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო დიდი ზომისაა. გულმოდგინე და ერთგული მსახურებისთვის მღვდლებს განსხვავებული ჯვრის ტარების უფლებით აჯილდოებენ. ასეთი ჯვარი შეიძლება იყოს ოქროსფერი ან განმშვენებული - ძვირფასი, ლამაზი და ფერადი თვლებით მორთული.









პანაღია 
„პანაღია“ მომრგვალებული ფორმის გულსაკიდი პატარა ხატია. ის ბერძნული სიტყვაა და ქართულად „ყოვლადწმიდას“ ნიშნავს. ამიტომ მასზე ხშირად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია გამოსახული. ზოგჯერ მასზე შეიძლება გამოსახული იყოს თავად უფალიც. პანაღიას ჯვართან ერთად ეპისკოპოსები ატარებენ. ის ფერადი თვლებით არის მორთული. ღვთისმსახურები გულზე დაკიდებულ ჯვარსა და პანაღიას იმის ნიშნად ატარებენ, რომ მათი გული ქრისტეს რწმენითაა ანთებული. 









მიტრა 
მიტრა ფერადი თვლებითაა მოჭედილი და მცირე ზომის ხატებით არის მორთული. ის სიმბოლოა იმ ეკლის გვირგვინის, რომელიც მაცხოვარს თავზე დაადგეს. მიტრაზე გამოსახულია მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და მახარებელთა ხატები. მიტრის ტარების უფლებით მღვდელს ერთგული მსახურებისთვის აჯილდოებენ. ეს პატივი აქვს ყველა მღვდელმთავარს. მიტრა აგრეთვე სახარების სიმბოლოცაა, რადგან მღვდლად კურთხევის დროს მღვდელმთავარი მომავალ მღვდელს თავზე გაშლილ სახარებას ადებს.




სამღვდელმთავრო კვერთხი 
სამღვდელმთავრო კვერთხი ორნაირია. კვერთხი, რომელიც ეპისკოპოსს ღვთისმსახურებისას ხელთ უპყრია განსხვავებული და განმშვენებულია. ეკლესიის გარეთ კი მღვდელმთვარი უფრო სადა კვერთხს ატარებს. კვერთხი ხელთ უპყრია ეპისკოპოსს. მღვდელმთავარი კვერთხით სიმბოლურად მწყემსს გამოხატავს, რადგან ის ზრუნავს თავის სამწყსოზე, როგორც მწყემსი - თავის ფარაზე. როგორც სახარებიდან ვიცით, თავად მაცხოვარი ამბობს: „მე ვარ მწყემსი კეთილი.“
სამღვდელმთავრო კვერთხს აქვს ღუზის მსგავსი ფორმის თავი, რომელსაც ზემოდან ჯვარი აგვირგვინებს. კვერთხზე ღუზა სიმბოლურად მორწმუნეთა გადარჩენას და სარწმუნოების მტრების განდევნას ნიშნავს, ხოლო ჯვარი ქრისტეს რწმენისა და გადარჩენის სიმბოლოა.




დიკირ-ტრიკირი
დიკირ-ტრიკირი ეს არის შეერთებული, ანთებული კელაპტრები, რომელთ საშუალებით ღვთისმსახურებისას მღვდელმთავარი ამბიონიდან მრევლს ჯვარს სახავს - აკურთხევს.
დიკირი  ორი შეერთებული კელაპტარია. ის სიმბოლურად იესო ქრისტეს ორ ბუნებას გამოსახავს - კაცურსა და ღვთაებრივს.
ტრიკირი სამი შეერთებული კელაპტარია. ის სიმბოლურად ყოვლადწმიდა სამებას გამოსახავს.
დიკირ-ტრიკირით ჯვრის გამოსახვა - უფლის მაკურთხეველ მარჯვენას განასახიერებს.






ხელთბანვა 

ხელთბანვა სიმბოლურად განასახიერებს სიწმიდესა და უბიწოებას ღვთისმსახურებაში. წირვაზე „რომელთა ქერუბიმთას“ გალობის დროს, მღვდელმთავარი სტიქაროსნების დახმარებით, სამეუფო კართან მრევლის წინაშე ხელებს განიბანს. ხელთბანვა სასულიერო პირს შეახსენებს, რომ იგი ღვთისმსახურებას სულიერად და ხორციელად განწმედილი უნდა შეუდგეს. 





წმიდა დიდმოწამე გიორგი, სვანეთი

ხატი 

ხატზე გამოსახავენ უფალს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, წმიდანებს. ხატების საშუალებით თაყვანს ვსცემთ მათზე გამოსახულ წმიდანებს და ვთხოვთ ლოცვით მფარველობასა და შემწეობას. 











ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი
სინას მთის წმიდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი

შარავანდედი 

წრეს, რომელიც მაცხოვარს, დედა ღვთისმშობელს და წმიდანებს ხატებზე თავის გარშემო აქვთ შემოვლებული შარავანდედი ჰქვია. მაცხოვრის შარავანდედი ყველასაგან განსხვავებულია. მასში ჯვარია გამოსახული. შარავანდედი ზეციურ ნათელს გამოხატავს. ღვთის რჩეულ ადამიანებს ღვთაებრივი ნათელი გაასხივოსნებს. მაგალითად, წმიდა მოსე წინასწარმეტყველი იძულებული იყო სახე საფარველით დაეფარა, რომ მისი სახისგან არეკლილი ზეციური ნათლით ადამიანები არ დაებრმავებინა.












წმიდა წერილი, მე-11 ს.
წმიდა წერილი 

წმიდა წერილს სხვაგვარად ბიბლიას უწოდებენ. ბიბლია შედგება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისგან. წმიდა წერილი უფლის რჩეული ადამიანების მიერ დაიწერა ღვთის შთაგონებით.
ძველი აღთქმა გადმოგვცემს სამყაროს შექმნისა და ქრისტეს შობამდე ღვთის რჩეული ერის ისტორიას. ახალი აღთქმა კი ღვთის კურთხევით თავად იესო ქრისტეს მოწაფეების მიერ არის დაწერილი და იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასა და მის მოძღვრებაზე მოგვითხრობს.  
ახალი აღთქმის პირველ ოთხ წიგნს სახარებას უწოდებენ, ხოლო მოციქულებს, ვინც ისინი დაწერა - მახარებლებს. ეს წიგნებია: I - მათეს სახარება, II - მარკოზის სახარება, III - ლუკას სახარება, IV - იოანეს სახარება.





წმიდანები 



წმიდანებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებმაც ღვთისთვის სათნო ცხოვრებით იცხოვრეს, ახლა უფალთან იმყოფებიან და უფლის წინაშე ჩვენთვის ლოცულობენ. ისინი უფალთან ჩვენი შუამდგომლები არიან, ამიტომ შევსთხოვთ მათ დახმარებას. წმიდანებს შორის არიან: წინასწარმეტყველები, მოციქულები, მოწამეები, ნეტარები, მართლები, მოციქულთასწორნი, ღირსნი და უვერცხლონი.
წინასწარმეტყველები - წინასწარმეტყველები იყვნენ ის წმიდანები, რომლებიც სულიწმიდის შთაგონებით მომავალს წინასწარმეტყველებდნენ. ამ წინასწარმეტყველებათა უმრავლესობა მაცხოვრის შესახებ იყო. უკანასკნელი წინასწარმეტყველი უფლის წინამორბედი წმიდა იოანე ნათლისმცემელი იყო.
მოციქულები - მოციქულებს იესო ქრისტეს მოწაფეებს უწოდებენ. თავიდან უფალს 12 მოწაფე ჰყავდა, შემდეგ კი 70 მოწაფე შეიძინა. წმიდა პეტრე და პავლე მოციქულებს „მოციქულთა თავებს“ უწოდებენ, რადგან მათ სხვებზე მეტი ღვაწლი გაწიეს ქადაგებით. მოციქულები მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე მახარებლებად იწოდებიან.
მოციქულთასწორნი - მოციქულთასწორებს იმ წმიდანებს უწოდებენ, რომლებმაც მოციქულების მსგავსად ქრისტეს სჯული იქადაგეს.    




ქართული ანბანი 

სულ 14 დამწერლობა არსებობს, მათგან ერთ-ერთი ქართულია.
ქართული ანბანის განვითარების კი სამი საფეხური არსებობს. ის ანბანი, რომელიც სკოლებში ისწავლება მხედრულ ანბანს უწოდებენ. მხედრული ანბანის გარდა არსებობს ასომთავრული და ნუსხა-ხუცური ანბანი. ხუცური ანბანი საღვთისმსახურო წიგნებში გამოიყენება. ძველად მღვდელს ხომ სწორედ ხუცესი ერქვა. თითოეული ანბანი საუკუნეთა მანძილზე ასო-მოხაზულობის განვითარების შედეგად წარმოიშვა. ხუცური ანბანი ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული - ხუცურის. ქართული ანბანი ერის განძია. ის თითოეულმა ქართველმა ბავშვობიდანვე უნდა იცოდეს.






წითელი კვერცხი 

წმიდა მენელსაცხებლე დედამ მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა იმპერატორმა კი უპასუხა: კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ტიბერიუსმა ეს თქვა თუ არა, კვერცხი მაშინვე გაწითლდა. ამ დიდი სასწაულის ნიშნად, ქრისტიანებში ტრადიაციად იქცა სააღდგომოდ კვერცხების წითლად შეღებვა. კვერცხებს ქრისტიანები წითელ პარასკევს ღებავენ იმის მოსაგონებლად, რომ ამ დღეს ჯვარს აცვეს უფალი.
კვერცხი აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა. წითელი ფერი კი იესო ქრისტეს წმიდა სისხლის ფერია. აღდგომის კვერცხი ნიშანია ქრისტეს წმიდა სისხლით განწმედილი ჩვენი მარადიული ცხოვრებისა.





პასკა 


პასკას ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულისთვის აცხობენ. იგი არის იმ მთის სიმბოლო, რომელზეც ჯვარს აცვეს ქრისტე. პასკა აგრეთვე არის აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლო.









არტოსი 

არტოსი არის პური, ფორმით პასკის მსგავსი. სააღდგომო მსახურებაზე საკურთხევლის კარი იღება. მთელი კვირის განმავლობაში ( 7 დღე) საკურთხევლის კარი ღია რჩება. ღია კარში ტაბლა, ანუ პატარა მაგიდა იდგმება, რომელზეც არტოსი იდება. აღდგომის სადღესასწაულო მსახურების შემდეგ არტოსი იკურთხება. კვირის ბოლოს კი არტოსს ჭრიან და მორწმუნეებს ურიგებენ.
მორწმუნე არტოსის ამ ნაჭერს მთელი წლის განმავლობაში ინახავს და რაიმე განსაცდელის დროს, ავადმყოფობის დროს ღებულობს. არტოსს, აღდგომის მადლით განსაკუთრებული მაკურნებელი ძალა გააჩნია.




ჯეჯილი 

ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავდნენ.  
ბზობის კვირას მორწმუნეები ხორბალს თესავენ. ამისთვის ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას, შემდეგ მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მოაყრიან. სველ ბამბაზე ხორბალი ღვივდება და იზრდება ჯეჯილი.
მწვანე ჯეჯილი არის სიმბოლო ახალი ცხოვრების, რომელიც მოგვანიჭა უფალმა იესო ქრისტემ თავისი აღდგომით.




ჭონაობა 

ძველად საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ქალაქში აღდგომის დღესასწაულზე რამდენიმე კაცი ერთად იკრიბებოდა, შემდეგ სოფელში თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და ლოცავდა - ამას ჭონაობას უწოდებდნენ. მეჭონეები (ჭონაობაში მონაწილეები) საჭონაო საგალობლით ულოცავდნენ ხალხს ქრისტეს აღდგომას. მეჭონეების ხელცარიელი გაშვება ცუდის ნიშანი იყო. ყველა ცდილობდა მათ დასაჩუქრებას ტკბილეულებით, კვერებით. თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით მათ წითელი კვერცხი უგროვდებოდათ. შემდეგ კი ერთად იკრიბებოდნენ, შეკრებილის სანოვაგით მოილხენდნენ და ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ. 




ალილო 

შობის დღესასწაული ყველასათვის დიდი სიხარულია. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლი სოფლისა და ქალაქების ქუჩებში გამოდის, მათ შორის ბევრი ბავშვია. ამ დროს ყველა საშობაო საგალობელს გალობს: „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო“... ადამიანები ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავენ. ამას ალილო ეწოდება. ალილოს მონაწილეთა გამოჩენა ყველას ახარებს. იქ სადაც ალილო ჩაივლის, სახლებიდან გამოაქვთ სხვადასხვა ტკბილეული, ხილი, ჩურჩხელები, ზოგჯერ ტანსაცმელები და სათამაშოები. შემდეგ კი ეს ყველაფერი მღვდლებსა და მორწმუნე ადამიანებს იმათთან მიაქვთ, ვისაც შობა-ახალ წელს ან საერთოდ არ აქვთ საჭმელ-სასმელი ან ცოტა აქვთ.




ლოცვანი, მე-17 ს.
ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმი

კონდაკი

პატარა ლოცვა, რომელიც დღესასწაულზე იგალობება ხოლმე. კონდაკში მოკლედ არის მოთხრობილი წმიდანის ან დღესასწაულის ამბავი.









ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
"შენ ხარ ვენახი"
  

ვაზი 

ვაზის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდანაა გავრცელებული. საუკეთესო ვაზის ჯიშებიდან იწურება საბარძიმე წითელი ღვინო - ზედაშე, რომელსაც წირვაზე წმიდა ზიარებისთვის იყენებენ. ამის გარდა ვაზის გამოსახულება მიღებულია ქრიტიანულ სიმბოლიკაშიც. ხატწერაში ვაზი განასახიერებს მაცხოვრის სიმბოლურ სახეს. არსებობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საგალობელი „შენ ხარ ვენახი“. სწორედ იმიტომ იწოდება დედა ღვთისმშობელი ამგვარად, რომ იგი არის მშობელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლის სიმბოლური სახე - ვაზის ნაყოფია.











ზედაშე 

საბარძიმე წითელი ღვინო, რომელსაც წირვაზე წმიდა ზიარებისთვის იყენებენ. 







კატაკომბები 

ძველ დროში, როდესაც ქრისტიანებს დევნიდნენ, ისინი იძულებულები იყვნენ ღვთისმსახურება ფარულად აღესრულებინათ. პირველი ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ საგანგებოდ ღვთისმსახურებისთვის მოწყობილ გამოქვაბულებსა თუ სარდაფებში. ასეთ ადგილებს კატაკომბებს უწოდებდნენ.





კაბა -  სასულიერო პირთა შესამოსელი, რომელსაც ისინი ანაფორის ქვეშ იცვამენ.





აკლდამა, წილკანი

აკლდამა 

გამოქვაბული-სამარხი, სადაც ებრაელები თავიანთ მიცვალებულებს ასვენებდნენ.









მაცხოვარი
სვანეთის მუზეუმი


მადლი 

ღვთის ლოცვა-კურთხევას, ჩვენზე მოვლენილ წყალობას ნიშნავს.











ოდიკი - ქსოვილი, რომელშიც ჩაკერებულია რომელიმე წმიდანის წმიდა ნაწილი. ოდიკი ტრაპეზზე იდება. თუკი ოდიკი არ არის ტაძარში, იქ წირვის შესრულება არ შეიძლება.







ემბაზი

ჭურჭელი, რომელშიც ბავშვს ნათლავენ.









ოპიზა, ტაო-კლარჯეთი


ოპიზა 

ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი დიდებული ტაძარი. ტაო-კლარჯეთი საქართველოს სამხრეთი ნაწილი იყო. ის ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.













ოლარი 

სამღვდლო შესამოსელი. ოლარი არის საგანგებოდ შეკერილი ქსოვილის ორმაგი ზოლი, რომელზეც ჯვრებია გამოსახული. მას მღვდელი კისერზე იკიდებს. ოლარს შეკრული გრძელი ბოლოები წინ აქვს ჩამოშვებული. ოლარი და სამაჯურები (საბუხარეები)  საეკლესიო საიდუმლოებების შესრულებისას მღვდელს აუცილებლად უნდა ეკეთოს.
ოლარ-საბუხარეები განასახიერებს სულიწმიდის მადლს, რომელიც მოძღვარს ანიჭებს საეკლესიო საიდუმლოებათა შესრულების ძალმოსილებას.
მოძღვარი აღსარების ჩაბარების დროს შენდობის ლოცვის წაკითხვისას მორწმუნეებს სწორედ ოლარს აფარებს თავზე.










მირონის ხარშვა

მირონი 

სურნელოვანი ზეთი, რომელიც პატრიარქის მიერ განსაკუთრებული წესის შესრულებით საგანგებოდ იხარშება. მირონის დამზადების უფლება მხოლოდ ავტოკეფალურ ანუ დამოუკიდებელ ეკლესიებს შეუძლიათ. მირონს ადამიანს ნათლობისას სცხებენ. მირონი ეცხება აგრეთვე მეფეს კურთხევისას.









საეკლესიო ზარები 

ეკლესიაში ზარების ჩამოკვრა მორწმუნეებს ღვთისმსახურების დაწყებას აუწყებს. საეკლესიო ზარების რეკვის სხვადასხვა წესი არსებობს. განასხვავებენ აგრეთვე ე.წ.  სამეუფო ზარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც პატრიარქი და მღვდელმთავარი აღასრულებს ღვთისმსახურებას, მაშინ ზარები საგანგებო წესით ირეკება.











კანდელი 
ზეთის ლამპარი, რომელიც ხატის წინ ანთია.




კანდელაკი 
მნათე, მესანთლე, კანდელების მწმენდელი.













მაცხოვრის ფრესკა ყინწვისის მონასტერში


საბაოთ 
ერთ-ერთი სახელია უფლისა; იგი ებრაული სიტყვაა და „მხედრობათა ძალს“ ნიშნავს.

ოსანა 
ებრაული სიტყვაა და ქართულ თარგმანში ხსნას ნიშნავს; ანუ „ოსანა მაღალთ შინა“ უფლის მიერ გამოხსნას განასახიერებს. 









კათაკმეველი 
ადამიანი, რომელიც ნათლისღების საიდუმლოს მისაღებად ემზადებოდა. კათაკმევლები მხოლოდ წირვის ნაწილს ესწრებოდნენ და წმიდა ძღვენის კურთხევის წინ, როდესაც დიაკონი მოუწოდებს: „კათაკმეველნო, განვედით!“ - ტაძარს ტოვებდნენ. რადგან მათ, როგორც მოუნათლავებს, არც საიდუმლო ზიარების მიღება შეეძლოთ და არც ღვინისა და სეფისკვერის მაცხოვრის სისხლად და ხორცად გარდაქცევის საიდუმლოზე დასწრება. 






კვეთა. სამკვეთლო 

წირვის დაწყებამდე და მის პირველ ნაწილში მღვდელმთავარი და მღვდელი კვეთას აღასრულებს. კვეთას სეფისკვერიდან საგანგებო ლახვრით ამოღებულ ნაწილებს უწოდებენ.
წირვაზე 5 დიდი ზომის სეფისკვერი იწირება. ოთხ სეფისკვერზე ჯვარია გამოსახული, ერთზე კი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ჯვრისგამოსახულებიან სეფისკვერებს შორის არჩევენ საუკეთესოს, იგი ტარიგად იწირება. ტარიგი განასახიერებს ჯვარცმულ მაცხოვარს. საგანგებო ლახვრით ტარიგიდან გული ამოიკვეთება და ფეშხუმზე იდება. ფეშხუმი ლანგრის ფორმის საეკლესიო ჭურჭელია, რომელზეც სეფისკვერიდან ამოკვეთილი ნაწილები ლაგდება.
შემდეგ მღვდელმსახური ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე ლახვრით იღებს ნაწილს და მას ტარიგის ნაწილის მარჯვნივ ფეშხუმზე განათავსებს. ამის შემდეგ ერთ-ერთი ჯვარგამოსახულებიანი სეფისკვერიდან 9 ნაწილი ამოიღება: ანგელოზთა 9 დასის, წმიდა იოანე ნათლისმცემლის და სხვა წმიდანთა სახელზე. ეს ნაწილები ფეშხუმზე ტარიგის მარცხნივ თავსდება. დანარჩენი ორი სეფისკვერიდან კი იღებენ ნაწილებს ცოცხალთა და გარდაცვლილთა სახელებზე. კვეთა მხოლოდ იმ ადამიანთა სახელებზე სრულდება, ვინც მონათლულია. ეს ნაწილები ფეშხუმზე ტარიგის ქვემოთ განთავსდება.
კვეთა საკურთხევლის მარცხნივ მდებარე ნაწილში - სამკვეთლოში სრულდება.





კაცხის მაცხოვრის ხატი



ქრისტე 

სიტყვა „ქრისტე“ „ცხებულს“  ნიშნავს, ანუ იესო ქრისტე ნიშნავს - ცხებულ იესოს. 












ლახვარი
ლახვარი. მცირე და დიდი დაფარნები 

წირვისას კვეთა საგანგებო ლახვრით სრულდება. სეფისკვერიდან ამოკვეთილ ნაწილებს ფეშხუმზე  აწყობენ. ბარძიმში კი ზედაშეს (საბარძიმე ღვინოს) და წყალს ასხამენ. 


მცირე და დიდი დაფარნები



კვეთის დასასრულს ბარძიმ-ფეშხუმს ცალ-ცალკე აფარებენ მცირე დაფარნებს, ხოლო დიდ დაფარნას ორივეს ერთად, მცირე დაფარნებს ზემოთ.  













დიდი გამოსვლა 


წირვაზე, „რომელი ქერუბიმთა“-ს გალობის შემდეგ ღვთისმსახურებს დაფარნებით დაბურული ბარძიმ-ფეშხუმი სამკვეთლოდან ტრაპეზზე საზეიმოდ გადააქვთ. სასულიერო პირები სამკვეთლოდან, საკურთხევლის ჩრდილოეთი კარიდან გამოდიან და ამბიონზე მორწმუნეთა წინაშე ბარძიმ-ფეშხუმს აღამაღლებენ. სწორედ ამ ქმედებას ჰქვია დიდი გამოსვლა.
ამბიონზე გამოსული მღვდელი ან მღვდელმთავარი ჯერ ფეშხუმს, შემდეგ კი ბარძიმს აღამაღლებს და ლოცვებში იხსენიებს პატრიარქს, მღვდელმთავრებს, ეკლესიის მსახურებს, მგალობლებსა და მრევლს, ცოცხლებსა და მიცვალებულებს.
ამბიონიდან მოხსენიების შემდეგ ბარძიმ-ფეშხუმს სამეუფო კარიდან საკურთხეველში შეაბრძანებენ და ტრაპეზზე განათავსებენ. დიდი გამოსვლა სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს ჯვრიდან ჩამოხნას და დასაფლავებას განასახიერებს. 




კვერექსი 
ვერექსი არის ის მოკლე სავედრებელი ლოცვები, რომლებსაც დიაკონი ამბიონზე ხატების წინ წარმოთქვამს, მგალობელთა გუნდი კი ამ დროს პასუხობს - „უფალო შეგვიწყალენ“ ან „მოგვმადლენ უფალო“.
 კვერექსები არსებობს სხვადასხვა სახის: დიდი ან მშვიდობიანი, მცირე, მრჩობლი, თხოვნითი.
დიდ კვერექსს  ასევე  მშვიდობიანსაც  უწოდებენ, რადგან იგი იწყება სიტყვებით: „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.“ ეს კვერექსი „დიდად“ იწოდება იმიტომ, რომ მრავალი მცირე ლოცვისგან შედგება.
დიდი კვერექსისგან განსხვავებით „მცირე კვერექსი“ სულ 2 ან 3 ლოცვისგან შედგება. იგი იწყება სიტყვებით: „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.“
მრჩობლი კვერექსი“ იწყება სიტყვებით: „შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა“. ეს კვერექსი განსაკუთრებული სავედრებელია, სიტყვა „მრჩობლი“ ორმაგს ნიშნავს. მრჩობლ კვერექსზე მგალობელთა გუნდი სამჯერ პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ.“
თხოვნითი კვერექსი“ იწყება სიტყვებით: „აღვუსრულოთ ვედრებაი ჩვენი უფალსა“ და გუნდი პასუხობს გალობით: „უფალო შეგვიწყალენ“ და „მოგვმადლენ უფალო“.
კვერექსი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცირე სავედრებელი ლოცვებისგან შედგება. მათში მოიხსენიება: ჩვენი მამული, მთავრობა და მხედრობა, წმიდა ეკლესია, მისი მეთაური, მღვდელმთავარნი და სამღვდელოება, მრევლი, ჩვენი გარდაცვლილი წინაპრები.
კვერექსებში უფლისგან ვითხოვთ მშვიდობას, წყალობას, განსაცდელისგან ხსნას, საუკუნო ცხოვრებას ყველა ადამიანისთვის, გარდაცვლილი წინაპრების სასუფეველში დამკვიდრებას. 




მაცხოვრის ფრესკა
სვეტიცხოველი


საყდარი 

საყდარი ტახტს ნიშნავს. საყდარს აგრეთვე ეკლესიას უწოდებენ, რადგან იქ არის ტახტი უფლისა.













შანდალი 

სასანთლე, რომელიც ხატის წინ იდგმება და რომელზეც მორწმუნენი სანთლებსა და კელაპტრებს ანთებენ. 










ვედრების ხატი, სვანეთი

შენდობა 

პატიების მიღება. ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ უფალს შეგვინდოს ჩვენი ცოდვები, რომლებიც შემთხვევით, ან ჩვენი ნებით ჩავიდინეთ და უფალს დავშორდით. უფლისგან შენდობის მიღება, უფალთან შერიგებას გულისხმობს და ის აღსარების თქმითაა შესაძლებელი. შენდობა მარტო უფლისგან კი არა, ერთმანეთისგანაც უნდა ვითხოვოთ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და არასდროს დავივიწყოთ, პატიება ვთხოვოთ ადამიანს, რომელსაც ჩვენი საქციელით გული ვატკინეთ. 







ლეჩაქი - ქართველი ქალის თავსაბურავი ძველად.





ცისარტყელა 

ცისარტყელა ბიბლიაში მოხსენიებულია, როგორც უფლის საგანგებო ნიშანი. წარღვნის შემდეგ, როდესაც საშინელი წვიმა შეწყდა და მზემ გამოანათა, ამ დროს ცაზე ცისარტყელა გამოჩნდა, ნიშნად უფლის დაპირებისა კაცობრიობისადმი, რომ ამიერიდან ქვეყანაზე წარღვნა აღარასდროს მოხდებოდა. 







ცოდვა 

ცოდვა არასწორი, უზნეო საქციელია, რომელიც უფალთან გვაშორებს. ცოდვა სძულს უფალს, რადგან ცოდვის ჩადენით ადამიანი ქვეყანაზე ბოროტებას აძლიერებს. ცოდვები ადამიანს სინანულისა და აღსარების შედეგად ეპატიება. აღსარების თქმა სწორედ იმიტომ არის საჭირო და აუცილებელი, რომ იგი უფალთან შერიგებას გულისხმობს.







დიდი აიაზმა


აიაზმა 
„აიაზმა“ ბერძნული სიტყვაა და ნაკურთხ წყალს ნიშნავს.


დიდი აიაზმა, ნათლისღება 
დიდი აიაზმა ეკლესიაში ნათლისღების დღესასწაულზე აღესრულება. ნათლისღება - ეს არის დღე, როდესაც წმიდა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. მაშინ სულიწმიდა გადმოვიდა მასზე მტრედის სახით და გაისმა მამა ზეციერის ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი!“
ამ დღესასწაულს კიდევ ღვთის განცხადებასაც უწოდებენ, რადგან ამ დღეს ადამიანებმა ყოვლადწმიდა სამება იხილეს: იესო ქრისტე - ძე ღვთისა, სულიწმიდა - მტრედის სახით და გაიგეს მამაზეციერის ხმა.


ნათლისღების მე-16 ს-ის მინიატურა, წმიდა ოთხთავი
ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმი


ნაკურთხი წყალი ეკლესიაში მთელი წლის მანძილზე გამოიყენება. თუ ტაძარს ნაკურთხი წყალი მოაკლდება მოძღვარს ნებისმიერ დროს შეუძლია შეასრულოს მცირე წყალკურთხევა.
ნაკურთხი წყლით აკურთხებენ ტაძრებს, ხატებს, ჯვრებს, სახლებს. აგრეთვე ნაკურთხ წყალს მოძღვრები მორწმუნეებს ასხურებენ.
ნათლისღების დღესასწაულზე მორწმუნეებს სახლში მიაქვთ ნაკურთხი წყალი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში იზოგავენ. ყოველ დილით უზმოზე მორწმუნეები სეფისკვერთად ერთად ნაკურთხ წყალსაც იღებენ. 












სახიერი 

სიტყვა „სახიერი“ ძველქართულად კეთილს ნიშნავს, კეთილ ადამიანს ძველად „სახიერს“ უწოდებდნენ.







ჯვარი 

უმთავრესი ქრისტიანული სიმბოლოა, რადგან მასზე ჯვარს ეცვა უფალი იესო ქრისტე. მან თავისი წმიდა სისხლით გამოისყიდა ცოდვით დაცემული კაცობრიობა. ჯვარი წმიდად და ძლევაშემოსილად მას შემდეგ იქცა, რაც მასზე გააკრეს მაცხოვარი. ქრისტიანები თაყვანს ვცემთ ჯვარს. მის წინაშე ყოველი ბოროტი სული ძრწის.
ყოველი მონათლული მორწმუნე ადამიანი სამკერდე ჯვარს მოუხსნელად ატარებს. ამით აღიარებს უფლისადმი საკუთარი თავის კუთვნილებას. ჯვარი კი იცავს და იფარავს ადამიანს ცხოვრების გზაზე ყოველგვარი განსაცდელისგან.